საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში ახალი აკვაპარკი გახსნა, რომელიც კანადურმა კომპანიამ white water-მა დააპროექტა.
თანამედროვე სისტემებით აჭურვილი აკვაპარკი პრეზიდენტმა ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრთან ვერა ქობალიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად დაათვალიერა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ანაკლია ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული და უპერსპექტივო ადგილი იყო, ახლა კი ინფრასტრუქტურა ვითარდება და უამრავი სასტუმრო შენდება, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან.
„გამოდიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და ამბობენ, რომ მესტიაში გზა არ შეძლება, თურმე გზამ დაანგრია მესტია და აეროპორტი სვანეთის შეურაცხყოფაა. არ ვიცი რა ვუთხრა ამ პოლიტიკოსებს. რომ ზიხარ თბილისში კაბინეტში, კარგს ჭამ, კარგს სვამ, კარგი ხელფასი გაქვს, მაგარია იქედან მსჯელობა. ხალხი კი 16 საათის განმავლობაში მიჩაქჩაქებს იმ გზაზე. მათ ისეთი პოლიტიკური პლატფორმა აქვთ, თითქოს მშენებლობა ჩვენთვის ცუდია და ვკარგავთ ჩვენს ავთენტურობას. თითქოს ჩვენი ავთენტურობა უგზოობა, უიმედობა და კრიმინალი იყოს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს რუკაზე გაჩენილმა ახალი კურორტებმა მოსახლეობას პერსპექტივა გაუჩინა.
