ბათუმში დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი ხურციძე დააკავეს. ამის შესახებ ბათუმიდან „ნიუსპრესის“ აჭარის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება.
ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის სულხან ღლონტის ინფორმაციით, ხურციძე დღეს, 11 საათზე მახინჯაურში მეგობართან იმყოფებოდა, საიდანაც ის პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს.
„გიორგი ხურციძეს პოლიციამ განუცხადა, რომ იგი მოწმის სტატუსით უნდა დაეკითხათ, თუმცა არ განუმარტიათ რა საკითხთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ღლონტმა.
მისივე ინფორმაციით, როდესაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთან დაკავშირება სცადეს, მისი მობილური ტელეფონი უკვე გამორთული იყო.
„აჭარის პოლიციის მთავარ სამართველოში აცხადებენ, რომ გიორგი ხურციძე სამმართველოს რეგისტრაციაში გატარებული არ არის, შესაბამისად მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია“ - აცხადებს ღლონტი.
მისივე თქმით, ამ დრომდე ადვოკატი და „ქართული ოცნების“ წევრები უშედეგოდ ცდილობენ გაარკვიონ სად ჰყავს პოლიციას ხურციძე გადაყვანილი.
