ახალი ამბების სააგენტო „ნიუსპრესისა“ და „მე-9 არხის“ ჟურნალისტი ნათია როყვა სამართლადამცავებისგან ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მისთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამოძიებას ითხოვს.
ნათია როყვას განცხადებით, დღესასწაულზე პრეზიდენტის მისვლის შემდეგ პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალებას მას პრეზიდენტის დაცვა არ აძლევდა.
„მე და ჩემს ოპერატორს პრეზიდენტის დაცვა სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა და მოგვიწოდებდა „წავთრეულიყავით“ იქედან. შემდეგ კი, როდესაც პრეზიდენტთან ერთად მაღლობიდან ჩავდიოდით ხელს გვკრავდნენ, რის გამოც მე და ჩემი ოპერატორი ნიკა ტუღუში რამდენჯერმე დავეცით“ - ყვება ჟურნალისტი.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ოპერატორი ერთ-ერთი ქალის გადაღებას ცდილობდა, რომელიც სააკაშვილთან არ მიუშვეს. ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მათ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს.
როყვას თქმით, როდესაც მან დასახმარებლად პოლიციას მიმართა, ძალოვანებმა მასთან საუბარიც არ ისურვეს და ტერიტორია დატოვეს.
„პოლიციამ ყურადღებაც არ მომაქცია. მათ მივუთითე ადამიანებზე ვინც შეურაცხყოფა მომაყენა, ამის შედეგ კი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მივმართე, რომელმაც მომაძახა - „პროვოკაციებს ნუ აწყობო“, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მკითხა „ვინ გაგიბედაო“ და წავიდა. ამის შედეგ „ნაციონალების“ მხარდამჭერებმა ისევ დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება და ამბობდნენ, რომ მე ჟურნალისტი კი არა რუსეთის აგენტი ვიყავი“ - აღნიშნა როყვამ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიციისთვის ოფიციალურად მიმართვას აპირებს, თუმცა მათი მხრიდან გამოძიების იმედი არ აქვს.
ბეშუმში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილი შუამთობის დღესასწაულის მისალოცად ერთდროულად ავიდნენ, რასაც მათ მხარამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
