პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმში დღეს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” დააკვირდება.
საიას განცხადების თანახმად, აქციას აღნიშნული ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებიან, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აქციის ორგანიზებას და მასში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება.
„ქართული ოცნების“ აქცია ბათუმში 19 საათზეა დაგეგმილი. ანალოგიური ღონისძიებები კოალიციამ საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე გამართა.
