ხვალ ბათუმში „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება
ხვალ ბათუმში „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება
18:28 04.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მორიგი აქცია ბათუმში ხვალ გაიმართება.
ღონისძიება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „საოცრებათა მოედანზეა“ დაგეგმილი.

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმის ხვალინდელ აქციაზე განსაკუთრებულ ხალხმრავლობას ელიან.

„დღეს უკვე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანების თავმოყრა ბათუმში ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ამ შეკრებაზე მოსვლას აჭარის რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გეგმავს. ეს იქნება რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე“-განუცხადა „ნიუსპრესს“ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბათუმში - მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებიდან ჩავლენ.

აქცია ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. ივანიშვილი მხარდამჭერებს პროგრამას გააცნობს. შესაძლოა, აქციის მონაწილეებს სიტყვით კოალიციის რამდენიმე ლიდერმაც მიმართოს.

„ქართული ოცნების“ ანალოგიური აქციები საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე გაიმართა. ბათუმში კი, იგი ხვალ 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ბეჭდვა