პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელ შუამთობას საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღესასწაულად აფასებს.
როგორ ივანიშვილმა დღეს, ბეშუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა მათ დღესასწაულში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს.
„აქ დღესასწაულში მონაწილეობის მოსაღებად ამოვედით, თუმცა ეს დღესასწაული არაა. ეს სააკაშვილის დღესასწაულია. ეს კაცი და მისი იდეოლოგია მოწოდებულია იმისთვის, რომ საქართველო გახლიჩოს და ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპიროს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმის სიბრძნე ეყოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს არ დაპირისპირებოდნენ.
„ეს კაცი მოვიდა და საქართველოს დაშლა და მოსახლეობის დანაწევრება დაიწყო. ეს მისი იდეოლოგიაა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას ვპირდები, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის ფიქრობდა, რომ ბეშუმში სააკაშვილი მასთან ერთად არ მივიდოდა.
„როდესაც ეს მითხრეს არ ვიჯერებდი, რადგან მშიშარა კაცია და ვფიქრობდი, რომ მე სადაც ვარ იქ სააკაშვილი ვერ მოვა მეთქი. ვერც მოდიოდა. ამიტომ გადაწყვიტეს ეს ძალადობა, რომ დღესასწაულზე განსხვავებული აზრი არ მისულიყო. ის მანქანას აკრული მშიშარა კაცია. სადღაც ვერტმფრენებიც კი ააფრინეს“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.
ბეშუმში, შუამთობაზე საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. დღესასწაულზე „ქართული ოცნების“ ლიდერიც მივიდა, თუმცა კოალიციის აქტივისტებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
„ნაცმოძრაობის“ მომხრეებმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მხარდამჭერებს სცენასთან მისვლის საშუალება არ მისცეს. ინცინდენტი მალევე ამოიწურა.
