საქართველოს პარლამენტი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს
საქართველოს პარლამენტი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს
16:11 05.03.2019

საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრში, ელექტრონული სასწავლო პლატფორმის დანერგვასთან

დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოცდილებას ევროპის საბჭოს პროგრამა „HELP“-ის (ადამიანის უფლებების სწავლება იურიდიული პროფესიის ადამიანებისთვის) ოფიცერი, ექსპერტი ანა მედარსკა უზიარებს.

„ჩვენ გადავდივართ სასწავლო ცენტრის განვითარების ახალ ეტაპზე და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ პროცესში მეგობრულ და პარტნიორულ მხარდაჭერას ევროპის საბჭო გვიწევს. სტრასბურგში ვიზიტისას შეხვედრა მქონდა „HELP“ პროგრამის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც უკვე გარკვეული წლებია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში იურიდიული პროფესიის ადამიანებისთვის ელექტრონული სწავლების პროგრამას ეწევიან. ჩვენი ინტერესი, რომ დავნერგოთ ელექტრონული სწავლების პროგრამა, განვითარების პროცესშია. პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობს იმ პლატფორმის განვითარებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დაინერგოს. პარალელურად, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ იმ ფილმების გადაღებას, რომელიც ამ პროცესში სასწავლო მასალად უნდა იქნას გამოყენებული“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ამ კუთხით, ევროპის საბჭოს „HELP“ პროგრამას აქვს დიდი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის.

„ჩვენ გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივიღოთ და რეალურად გვქონდეს წარმოდგენა თუ როგორ იყენებს სასწავლო მასალებს დისტანციური სწავლებისთვის ევროპის საბჭო. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმ პროცესის გასაძლიერებლად და შედეგების მისაღწევად, რომელიც სასწავლო ცენტრში, უახლოეს პერიოდში ელექტრონული სწავლების ფორმით დაინერგება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ევროპის საბჭოს წარმომადგენელს საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ პლატფორმას გააცნობენ, რასთან დაკავშირებითაც მის მოსაზრებებს გაეცნობიან და კონკრეტულ რეკომენდაციებს მიიღებენ.


 

ბეჭდვა