ბეშუმში „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბეშუმში „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
14:32 04.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე დაპირისპირება მოხდა.

გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სცენასთან არ მიუშვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა „ქართული ოცნების" მომხრები ალყაში მოაქციეს და არ უშვებდნენ.

მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს გზა გადაღობილი ჰქონდათ და სხვა მომხრეებსაც ეძახდნენ. ისმოდა შეძახილები ბიძინა ივანიშვილის მისამართით - „წადი, წადი!" „მიშა, მიშა!"

„დღეს შუამთობის მოსალოცად ჩამოვედით. პრეზიდენტმა ეტყობა გაიგო, რომ აქ ვიქნებოდით და დაგვხვდა წითელი მაისურებით. დაინახეს, რომ გაამართლა მაისურებმა და მათაც მოგვბაძეს“ - აღნიშნა „ქართული ოცნების" წევრმა სოზარ სუბარმა.

მხარდამჭერები ივანიშვილთან მიახლოებას ცდილობდნენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისიტები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.


ბეჭდვა