საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის ამოცანად მოსახლეობის ერთგულებას მიიჩნევს.
როგორც პრეზიდენტმა დღეს, ბეშუმში,
შუამთობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობა თავის ისტორიაში ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა.
„ჩვენი ხალხი ძლიერია, რომელმაც ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაციები, ომი გადაიტანა. ამ კუთხის შვილები დამპყრობელთან ბრძოლაში იმისთვის დაეცნენ, რომ თავისუფლები ვყოფილიყავით. მიუხედავად ამისა, ერთი დღე არ გაგვიჩერებია მშენებლობა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ისინი ბრძოლაში დაეცნენ, ამიტომ, ახალი საქართველო და ახალი აჭარა მათ სახელზეც აშენდება.
„გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს, რადგან ქართველი ხალხი პატიოსანი და მშენებელია. ის არასოდეს ტყუვდება, როგორც ეს დამპყრობელს ჰგონია. ჩვენს ხალხს გააჩნია ის, რაც მათ არ აქვთ. შეიძლება, მათ ჰქონდეთ ბევრი ფული, ჯარები, დიდი ტერიტორიაც, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთავარი - ღირსება, საკუთარი თავის რწმენა, ერთმანეთის გვერდზე დგომა და გვჯერა მომავლის“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, აჭარაში ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი საწარმო გახსნას, თვითონ დასაქმდეს და სხვებიც დაასაქმოს.
„ეს არის ჩვენი პოლიტიკა და პოზიცია. აქაურობას ვერავინ, ვერასოდეს უკუნეთში, უგზოობაში, უპერსპექტიობაში, კორუფციაში, კრიმინალში, მონობაში ვეღარ დააბრუნებს. ჩვენ გავთავისუფლდით და თავისუფლებას არაფერი სჯობს ამ ქვეყანაში“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ხალხს ზემოდან ქვემოთ კი არ უყურებს, არამედ - ქვემოდან ზემოთ.
„თქვენ ხართ ზემოთ, მე ვარ ქვემოთ, რადგან ჩვენი ამოცანაა ვიყოთ თქვენი ერთგული მსახურები, თქვენი გზამკვლევები, თქვენი ყველანაირი დარდის გამზიარებლები. თქვენთვის და თქვენთან ერთად, უკეთეს ქვეყანას შევქმნით“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს შემდგომ გამარჯვებას წინ ვერაფერი აღუდგება.
