საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ბეშუმში შუამთობის დღესასწაულს ესწრება.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აჭარა დღეს წელში გამართულია. 8 წლის წინ კი, იგი ხელისუფლებამ შეურაცხყოფილი, სიღატაკეში და ჩაგვრის ქვეშ მყოფი ჩაიბარა.
"დღევანდელი აჭარა, არა მხოლოდ საქართველოს, არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ ევროპელების, ამერიკელების კეთილი შურის, აღტაცების, მიბაძვის მხარეა. ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რომ შევქმენით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეგიონი" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მას ბეშუმში ყოველ წელს რაღაც მიაქვს და ხელცარიელი არც წელს მისულა.
"რამდენიმე დღის წინ სამუშაოები დავიწყეთ და ეს ბოლო შუამთობაა, როცა აქ ამოვდივარ ცუდი გზით. როგორც იქნა დავიწყეთ გოდერძის უღელტეხილისა და ადიგენის შემაერთებელი გზის მშენებლობა და აქაურობა ჩიხი აღარ იქნება" – აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ბეშუმთან ახლოს, დანისპარაულში, რამდენიმე დღის წინ ყველაზე მასშტაბური სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო.
მისივე თქმით, საქართველოს ახალი სათხილამურო კურორტი, მოწესრიგებული გზები და ახალი სასტუმროები ექნება.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, აჭარაში მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო კლინიკები გაიხსნა.
მისივე თქმით, ახლა თუ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაზღვეულია, უახლოეს ხანებში, არ დარჩება აჭარის არც ერთი მკვიდრი, რომელსაც სრული სამედიცინო დაზღვევის პაკეტი არ ექნება.
