„ქართული ოცნება“ ბათუმში უპრეცედენტოდ მასშტაბურ აქციას ელის
„ქართული ოცნება“ ბათუმში უპრეცედენტოდ მასშტაბურ აქციას ელის
12:15 04.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ბათუმში დაგეგმილ აქციაზე განსაკუთრებულ ხალხმრავლობას ელის.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მურმან დუმბაძემ განუცხადა.

„დღეს უკვე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანების თავმოყრა ბათუმში ისტორიის მანძილზე არ ყოფილა. ამ შეკრებაზე მოსვლას აჭარის რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გეგმავს. ეს იქნება რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე“-განაცხადა მან და დასძინა, რომ აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რაიონებიდან ჩამოვლენ.

მისივე თქმით, აქცია ტრადიციულ ფორმატში გაიმართება. ივანიშვილი მხარდამჭერებს პროგრამას გააცნობს. შესაძლოა, აქციის მონაწილეებს სიტყვით კოალიციის რამდენიმე ლიდერმაც მიმართოს.

დუმბაძე აცხადებს, რომ აქციის მოსამზადებელ სამუშაოებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ხელის შეშლის არც ერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სახით ხელს გვიშლიან. ეს სხვა რეგიონებში უფრო ვიგრძენი, ვიდერ აჭარაში. მეჩვენება, რომ ხელისუფლება დუმს, ან „ნაციონალები“ ძალიან ცოტანი არიან აქ“- აღნიშნა მან.

ამ დროისთვის კოალიციის ლიდერების უმრავლესობა უკვე აჭარაში იმყოფება.

„ქართული ოცნების“ ანალოგიური აქციები საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში უკვე გაიმართა. ბათუმში კი, იგი ხვალ 19:00 საათზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ „საოცრებათა მოედანზე“ დაიწყება.

ბეჭდვა