პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
11:25 04.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმერეთს ეწვია და მეუფე კალისტრატესთან ერთად, ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აღდგენით სამუშაოებზე იგივე ქვებს იყენებენ, როგორითაც ტაძარი თავის დროზე აშენდა.

„პარტიები მიტინგებს მართავდნენ, არ გვინდა ბაგრატის აღდგენაო. გრძელი სია აქვთ რა უნდა დაანგრიონ და სია აქვთ რა არ უნდა აშენდეს. პირდაპირ გამზადებული სიებით დარბიან. რა პოლიტიკაა ეს, ნგრევის და არაშენების“ - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაგრატის ტაძრით მთელი მსოფლიო აღფრთოვანდება.

მისივე თქმით, ქუთაისს საწარმოები სჭირდება, მაგრამ ტაძარიც აუცილებელია.

„მარტო ეს არ უნდა ავაშენოთ. ქალაქია ასაშენებელი. ასევე, პარლამენტი შენდება. საწარმოებიც უნდა აშენდეს. ეს ტაძარი კი, ყველაზე უფრო მნიშვნელვანი ნაწილია ყველაფერი იმისა, რასაც ჩვენ ვაშენებთ“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მომავალი თაობა იამაყებს იმით, რომ ბაგრატის ტაძარი საქართველოს აშენების სიმბოლოა.


ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო. უკვე დასრულებულია გუმბათის აღდგენა და ამჟამად ტაძრის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.




ბეჭდვა