ელიოტ აბრამსი: ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციაზე ბრალდებები მიუღებელია რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული
ელიოტ აბრამსი: ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციაზე ბრალდებები მიუღებელია რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული
20:36 27.02.2019
გაეროს უშიშროების საბჭოში ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელის საკითხზე, ელიოტ აბრამსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო.

ვენესუელაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ დებატებზე აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა:

„სრულიად მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მისამართით გამოთქმული ბრალდება, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. ეს მიუღებელია იმ ქვეყნისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, და ასევე უკრაინის ტერიტორია - ყირიმი. განცვიფრებული ვარ საბჭოზე ამ ბრალდების მოსმენით“ - განაცხადა ელიოტ აბრამსმა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფალმა, ხუან გუაიდომ, ხოლო, რუსეთის დახმარება განკუთვნილია არა ხალხისთვის, არამედ მადუროს რეჟიმისთვის.

ბეჭდვა