უკრაინაში დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
უკრაინაში დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
09:57 04.08.2012
უკრაინაში, ქალაქ მირგოროდში ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გურამიშვილის მუზეუმის ფასადზე, ქართული დიასპორის ხელშეწყობით, ქართულ და უკრაინულ ენებზე პოეტის მემორიალური დაფა გაიხსნება.

ღონისძიების ოფიციალური გახსნის შემდეგ, ქართველი ფოტოგრაფის შალვა ლონდარიძის ფოტოგამოფენა მოეწყობა, პოეტის საფლავზე კი, სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან და სტუმრები პოეტის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ქალაქის ცენტრში გურამიშვილის ქუჩასთან ახლოს, პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების კოლექტივებთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი „მართვე“.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოეტის დაბადებისა და გარდაცვალების დღეს ქართველებთან ერთად, ტრადიციულად, უკრაინელებიც აღნიშნავენ.

დავით გურამიშვილმა ცხოვრების უკანასკნელი წლები უკრაინაში, მირგოროდში გაატარა. სწორედ იქ მდებარეობს მისი საფლავი და სახლ-მუზეუმი.

ბეჭდვა