საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის
ფარგლებში, პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
მათეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი ევროკავშირთან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრებს. პრემიერმინისტრი, ასევე, ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივით გამოვიდა.
მხარეებმა ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ამ კონტექსტში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მათი შეფასებით, ასამბლეა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
საუბარი შეეხო საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას. მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
