სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
14:27 26.02.2019
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ დაიწყებს. სალომე ზურაბიშვილი ბაქოში შეხვედრებს გამართავს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.

,,ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, ისევე, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება. ყველა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე იმსჯელებს პრეზიდენტი აზერბაიჯანულ მხარესთან,’’ - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთნ, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს: კახს ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 28 თებერვალს დასრულდება.
ბეჭდვა