დავით მათიკაშვილი: საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველოს პარლამენტი არის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა
13:07 26.02.2019
დიახ, საქართველოს პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც კეთდება პოლიტიკა. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც არის პოლიტიკასთან დაკავშირებული და განზოგადებულ წესებთან დაკავშირებული, რაც ეხება რეგულაციებს, რაც ეხება ლარის კურსს, რაც ეხება ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, რაც ეხება ყველა იმ წესს, რომელიც არის ზოგადი ქვეყნისთვის და რაც არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ღიად და საჯაროდ უნდა იყოს განხილული, ამაში ორი აზრი არ არსებობს, -ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებულ სხდომაზე განაცხადა. 

„სწორედ ამიტომ არსებობს დაბარების და შესაბამისად, კითხვების დასმის და პასუხების მოსმენის მექანიზმი. არის მეორე თემა, კონკრეტული ქეისი, კონკრეტული კომერციული ბანკი და რეგულატორი. ერთ სიბრტყეში საჯარო მოსმენა პრეცედენტი არ არსებობს. ეს შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამე თემა შეიძლება დაიფაროს ან დაიმალოს ან არ მოხდეს მასზე მსჯელობა. არსებობს სხვა ფორმატები ამისთვის, მაგრამ ინსტიტუციაზე გელაპარაკებით, კოლეგებო. როდესაც კომერციული ბანკი და რეგულატორი ქეისს გაარჩევენ საჯაროდ და სახალხოდ, - ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა კომერციული ბანკი არ შეასრულებს ეროვნული ბანკის მითითებას, სასამრთლოში აღარ გაასაჩივრებს საქმეს და იტყვის, წამოდით პარლამენტში გავარჩიოთ ეს საკითხიო.

ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. ჯანსაღი მიდგომა არის ამაზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, მაგრამ - არა ესეთ ფორმატში. ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, იმიტომ რომ ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის ინსტიტუციას და ჩვენ ინსტიტუციურად უნდა ვიაზროვნოთ პირველ რიგში“ - განაცხადა  მათიკაშვილმა.
ბეჭდვა