პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
14:46 03.08.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის წარმომადგენელმა იოსებ გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი უკვე შეიტანა და უახლოეს დღეებში კანონით გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიასაც წარადგენს.
„კანონი 25 ათასიანი მხარდამჭერთა სიის წარდგენას გვავალდებულებს, თუმცა, ჩვენ ბევრად მეტს შევიტანთ, რომ მერე ცესკო-მ „დარღვევები“ არ აღმოგვიჩინოს“ - აღნიშნა გიორგაძემ.
იგი არ გამორიცხავს, რომ პარტიამ არჩევნებში კენჭი კოალიციის სახით იყაროს.
„რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ. დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარტია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და მაჟორიტარ კანდიდატებსაც წარადგენს“ - აღნიშნა გიორგაძემ.
პარტიას უკვე შერჩეული ჰყავს თბილისის, სამეგრელოს და იმერეთის რამდენიმე რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
გიორგაძემ არ დაასახელა ის პარტიები, რომელთანაც კოალიციის შექმნაზე მოაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, აღნიშნა, რომ ისინი არ არიან „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“. 
ამასთან, გიორგაძის თქმით, პარტიის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუას საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება არ შეუცვლია და თუ მას ხელისუფლება ქვეყანაში შემოუშვებს, 20-30 აგვისტოს პერიოდში აუცილებლად ჩამოვა.


ბეჭდვა