კობახიძე: კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება ისეთი დებულებები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს არ ეფუძნება
კობახიძე: კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება ისეთი დებულებები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს არ ეფუძნება
14:43 21.02.2019
პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს ტექსტობრივად ეწინააღმდეგება და ცალსახა განცხადება პოლიტსაბჭოს მხრიდან ამიტომ გავრცელდა.

„კონსტიტუცია შემუშავდა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე დაყრდნობით და ახლა დისკუსია წარიმართება იმასთან დაკავშირებით, იმსახურებს თუ არა დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებლობას. ბუნებრივია, კონსტიტუცია ამ პრინციპზე ვერ აიგება. კონსტიტუციაში უნდა აისახოს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი და შესაბამისი გარანტიები. ამ სულისკვეთებით დაიწერა კონსტიტუცია, ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის ჩართულობით. მთელი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ პარლამენტის ჩართულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში და იქაც კრიტიკული შენიშვნა დაგვიწერა, საბოლოოდ მაინც, ვენეციის კომისიამ. ასევე, გარდამავალ დებულებებში რომ ჩავწერეთ სამწლიანი ე.წ გამოსაცდელი ვადა, ამაზეც მთელი ბრძოლა და ახსნა-განმარტება დაგვჭირდა. ანუ, სადაც კი ვეხებოდით დროებითი რეგულაციებით თუ არა დროებითი რეგულაციებით სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ყველგან ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები ვენეციის კომისიას. თუმცა, ნაწილობრივ არ გავიზიარეთ და ჩავწერეთ ის, რაც ჩავწერეთ კონსტიტუციაში, მაგრამ არსებული კონსტიტუცია ზოგადად არის აგებული სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპზე. თუ ვიღაც ფიქრობს, რომ დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებლობას არ იმსახურებს, ამაზე, შეიძლება მსჯელობა, მაგრამ კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება ისეთი დებულებები, რომლებიც არ ეფუძნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს არის ზოგადი ლოგიკა, რომელიც საფუძვლად უდევს კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებებს. და რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივას, რომელიც არის წარმოდგენილი, პირდაპირ, ტექსტობრივად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს. მარტივ წინააღმდეგობაზეა აქ საუბარი და ამიტომ გავრცელდა ცალსახა განცხადება პოლიტსაბჭოს მხრიდან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბეჭდვა