„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სამართალდამცავებს საქართველოში შემოსული საწვავის ოდენობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სამართალდამცავებს საქართველოში შემოსული საწვავის ოდენობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს
13:46 03.08.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაინტერესდნენ თუ სად ქრება მილიონობით ლიტრი საწვავი საქართველოში შემოტანამდე.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კვლევის - „კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში“ პრეზენტაციისას აღნიშნეს, კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ იტალიისა და ბულგარეთის საბაჟოების მონაცემები მკვეთრად განსხვავდება საქართველოს საბაჟოს მონაცემებისგან.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2009-2011 წლის მონაცემებით, იტალიიდან 2009 წელს 40,47 მლნ ლიტრი ბენზინის იმპორტი განხორციელდა, ხოლო საქართველომდე ამ ოდენობიდან მხოლოდ 19,74 მლნ-მა ლიტრმა მოაღწია, ხოლო 2010 წელს 37,85 მლნ ლიტრიდან - 20,13 მლნ ლიტრია შემოსული და 2011 წელს 37,07 მლნ ლიტრიდან - 23, 61 მლნ ლიტრი.

რაც შეეხება ბულგარეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებს, 2009 წელს ბულგარეთიდან საქართველოში 210,08 მლნ ლიტრი საწვავი იქნა გამოგზავნილი, საქართველოს საბაჟოს ინფორმაციით კი, ქვეყანაში 74,75 მლნ ლიტრია შემოსული, 2010 წელს - 239,13 მლნ ლიტრიდან - 90,45 მლნ ლიტრი და 2001 წელს კი, 298,33 მლნ ლიტრიდან - 152,92 მლნ ლიტრი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლების შეფასებით, მათი მიერ აღმოჩენილი ფაქტი მოკვლევას საჭიროებს, ასევე, ორგანიზაცია ნავთობკომპანიებს მოუწოდებს განმარტება გააკეთონ, რატომ განსხვავდება საქართველოს, იტალიისა და ბულგარეთის საბაჟო სამსახურების მონაცემები ერთმანეთისგან.

ბეჭდვა