საქართველოს ელჩმა საქართველოსა და საერთაშორისო სამართლის გამოწვევებზე სამხრეთ აფრიკაში პრეზენტაცია წაიკითხა
საქართველოს ელჩმა საქართველოსა და საერთაშორისო სამართლის გამოწვევებზე სამხრეთ აფრიკაში პრეზენტაცია წაიკითხა
14:03 20.02.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო, კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში გამართა პრეზენტაცია თემაზე "საქართველო და საერთაშორისო სამართლის გამოწვევები ტურბულენტურ საერთაშორისო გარემოში". პრეზენტაცია "საჯარო სამართლის მრგვალი მაგიდის" ლექციების ციკლის ახალი ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოს ელჩმა თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და აღნიშნა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები. ელჩმა, სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და ახალი სამშვიდობო ინიციატივა: “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ასევე ბექა დვალმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელჩი იყო ხსენებული ლექციების ახლადინიცირებული ციკლის ფარგლებში პირველი მომხსენებელი.
ბეჭდვა