საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ოფიციალური შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ოფიციალური შეხვედრა გამართა
13:49 19.02.2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ქალაქ ბრიუსელში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სათაო ოფისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან, დეივიდ ჰობსთან და მის მოადგილე, რუქსანდრა პოპასთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.

უწყების ცნობით, შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა, რომელზეც აპარატის უფროსმა კოლეგებს ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციისა და პარლამენტის განახლებული რეგლამენტის თაობაზე მიაწოდა.

გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტის აპარატში განხორციელებული და ამჟამად მიმდინარე რეფორმები მიმოიხილა, რასაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.

შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი შედგება, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

ქართული მხარის ინიციატივით შეხვედრაზე განიხილეს თბილისში, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მონაწილეობით ორდღიანი კონფერენციის ჩატარება. ეს ღონისძიება რეგიონის ქვეყნების საერთო გამოწვევებისა და ინტერესების განხილვას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოკვეთას მიეძღვნება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი მიესალმა ამ ინიციატივას და ღონისძიებაში მონაწილეობის თაობაზე მზაობა გამოხატა.

გივი მიქანაძის შეთავაზებით, შავი ზღვის რეგიონის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, აგრეთვე საგარეო ურთიერთობების კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის ნატოს ეგიდით საქართველოში თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე ყოველწლიური აკადემიის დაფუძნება იქნა განხილული, სადაც სასწავლო კურსს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს წარმომადგენლები და ნატოს ექსპერტები წარუძღვებიან. აღნიშნული ინიციატივა მოიწონეს და ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ეს საკითხი საბოლოო განსჯისთვის სექტემბერში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მხარეები 2019 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის აპარატის ერთი თანამშრომლის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოში სტაჟირების თაობაზე შეთანხმდნენ.

ბეჭდვა