გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქ რომში
, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მმართველი საბჭოს 42-ე სესიაში მონაწილეობა მიიღო.
სესიას 190 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ, სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ჯილბერტ ჰუნგბომ და რომის პაპმა, ფრანსისმა გახსნეს.
სამინისტროს ცნობით, წლევანდელი შეხვედრის მთავარ თემას სიღარიბის დაძლევა, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა და სასურსათო სუვერენიტეტის მხარდაჭერა წარმოადგენდა.
რომის პაპმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება უსაფრთხო და უვნებელ სურსათზე ადამიანის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიერ განსაზღვრული მიზნები ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და სოფლის განვითარების და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით, ახალგაზრდებისა და ქალების მეტად ჩართულობას ემსახურებოდეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, გაეროს მიერ გაწერილი დღის წესრიგი მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად ყველა ქვეყანას აქვს და საქართველოს მთავრობა ყველა იმ ინიციატივას, რაც მიმართულია ახალგაზრდა ფერმერების, მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და სოფლის განვითარების ინიციატივების განსახორციელებლად, მხარს უჭერს.
