ევროპარლამენტმა EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხს მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხს მხარი დაუჭირა
17:11 15.02.2019
ევროპარლამენტმა საქართველოსა და EUROJUST-ს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხს კენჭი უყარა. საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას მხარი 555-მა დეპუტატმა დაუჭირა, 29 წინააღმდეგი იყო, ხოლო 20-მა თავი შეიკავა. ხელშეკრულების გაფორმებაზე შემდეგი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს. საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-ი შეთანხმებას გააფორმებს.

EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

2017 წელს, შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე EUROJUST-მა სიღრმისეულად შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან. მხოლოდ აღნიშნულზე დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა შეთანხმების გაფორმების საკითხი.

EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო EUROJUST-ში წარმოდგენილია მეკავშირე მაგისტრატით ან პროკურორით. მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებსაც (აშშ, ნორვეგია, შვეიცარია და აშ). შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოსაც, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს, ანალოგიური შესაძლებლობა მიეცემა.


ბეჭდვა