ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს შეხვდა
ლაშა დარსალია საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს შეხვდა
09:59 15.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, საქართველოში გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს, შეხვდა.



შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოში UNDP-ის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მაღალი შეფასება მიეცა წლების მანძილზე მხარეთა შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესში UNDP-ის აქტიურ ჩართულობას.



სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე და ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. საუბარი შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურ დისკრიმინაციის გაძლიერებასა და ადამიანთა უფლებების უხეშ დარღვევებს. ამ კონტექსტში აღინიშნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის საჭიროება.



აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საქმეში. ადგილზე მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებების აუცილებლობას. აღინიშნა ასევე გალის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩვეულ სამუშაო რეჟიმში, ფუძემდებლური პრინციპებისა და წესების დაცვით, განახლების აუცილებლობა.



შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა UNDP-ის საქმიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა. თავის მხრივ, ლუიზა ვინტონმა მზადყოფნა გამოთქვა, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.


ბეჭდვა