საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოს შეხვდა
.
მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორაცია. მან ყურადღება გაამახვილა კვირების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებსა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის გაძლიერებასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, ასევე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაშა დარსალიამ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდების დინამიკაზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ამ ფორმატის ეფექტიანად გამოყენების საჭიროება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საქმეში. ასევე განხილული იყო რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა.
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშების მომზადებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-19 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
