დავით ზალკალიანი პოლონეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
დავით ზალკალიანი პოლონეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
13:03 14.02.2019
პოლონეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლონეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პოლონეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია პოლონეთ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, რასაც, მისი შეფასებით, ამყარებს ორი ქვეყნისა და ერის ისტორიული მეგობრობა. მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს გაუსვა ხაზი. 

საუბარი წარიმართა საქართველოს სამთავრობო პროგრამებსა და დაგეგმილ რეფორმებზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე, მათ შორის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელშესახებ შედეგზე.

პოლონეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოსთვის დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობა და ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ის ინიციატივები, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების გასაძლიერებლად და სამშობლოსთან მათი კავშირის განსამტკიცებლად. მათ შორის, ისაუბრა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროექტებზე, დიასპორული პროექტების დაფინანსების მექანიზმზე, დიასპორის წარმომადგენლებისთვის ერთიანი ვებ-პორტალის შექმნის ინიციატივაზე და სხვა. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის აქტიურ ძალისხმევაზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების მიმართულებით. ამ კუთხით დადებითად შეფასდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად პოლონეთში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

შეხვედრა კითხვა-პასუხი რეჟიმში წარიმართა. დიასპორის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების პრაქტიკის მიმართ, რაც მათი თქმით, საშუალებას აძლევს მხარეებს გააზიარონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ბეჭდვა