საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო არჩევნებზე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო.
საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, ჯერ კიდევ 7 თვის წინ საგარეო უწყებამ საერთაშორისო და ავტორიტეტულ ორგანიზაციებს მოწვევები გაუგზავნა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნის შესახებ.
„პირველი რამდენიმე თანხმობა უკვე მივიღეთ, კერძოდ ვიცი, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს ეუთო, ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი და ასევე, რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა გამოგზავნის“ - აღნიშნა ჯალაღანიამ და დასძინა, რომ ეუთოდან, როგორც გრძელვადიან, ასევე, მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფს ელოდებიან.
ამასთან, მისი ინფორმაციით, მოსაწვევები გაგზავნილია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიც, 50 ქვეყნის პარლამენტში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აფრიკის კავშირსა და და არაბთა გაერთიანების ლიგაში.
