კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, სასტუმროს ტიპის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს. შენობის საფუძველის ჩაყრაში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სააკაშვილი ადგილზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ ბათუმში სამშენებლო სამუშაოებს, ძირითადად, თურქები ახორციელებდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მშენებლობა ქართულმა კომპანიებმაც ისწავლეს და უცხოელები ჩაანაცვლეს.
„თავს დავდებ, თუ მალე „ორბი ჯგუფმა“ თურქეთში არ დაიწყოს მშენებლობა“-განაცხადა პრეზიდეტმა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში, ქართული კომპანიები სხვა ქვეყნების სამშენებლო ბაზრებზეც გავლენ.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ ბათუმში განხორციელებული და მიმდინარე სამშენებლო საქმიანობა იმ მოარული ხმების გაბათილებაა, რომლის თანახმადაც, საქართველოში უცხოური კომპანიები ადგილობრივებზე წარმატებულად საქმიანობენ.
„ამბობენ, რომ ჩვენთან ყველაფერი უცხოელებმა იყიდეს და ყველაფერს ისინი აშენებენ. მინდა, ტელეკამერების წინ გკითხო: საიდან ხარ - არაბეთიდან, თურქეთიდან თუ ჩინეთიდან“-მიმართა მან „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელს.
პრეზიდენტის თქმით, უცხოელები საქართველოში „ფულს ტოვებენ“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ისევ ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის ხარჯავს.
ასევე, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ორბი ჯგუფის“ ხელმძღვანელებს აჭარის მთავრობის მეთაურთან არავითარი ნათესაური კავშირი არ აქვს.
პრეზიდენტმა კომპანიის წარმომადგენლებს დასაქმებულების ანაზღაურების გაზრდისკენაც მოუწოდა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება.
სააკაშვილმა ახალი მშენებლობით კმაყოფილება გამოთქვა და ერთი ისტორიაც გაიხსენა.
„ბოლოჯერ რომ ვნახე ასლანი, მითხრა - აჰა, ერთ სახლს გაჩუქებ ზღვისპირას და თავი დამანებეო. ის სახლი, რა თქმა უნდა, არ გამოვართვი, მაგრამ ნახე, რამდენი სახლი გვაქვს ახლა, რომელიც ყველას ეკუთვნის. ასეა, როცა ქვეყანაში კორუფცია არ არის“-დასძინა პრეზიდენტმა.
