საერთაშორისო ორგანიზაციები წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელზე რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა ბარიერები და პრობლემები ექმნებათ განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდებს.
„მათ ჩვენი პოლიტიკური ხედვაც გავაცანით, თუ როგორ წარმოგვიდგენია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ იმაზე, რა სახის პრობლემებიც გვექმნება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. მათ მზაობა გამოთქვეს, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ და ყოველ გამოვლენილ დარღვევაზე ხელისუფლებას რეკომენდაცია მისცენ“ - აღნიშნა ზურაბიანმა.
ამასთან, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კოალიცია ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის, სტუდენტების დასაქმების და ახლგაზრდების პოლიტიკაში ჩართვის ხელშესაწყობად იმუშავებს.
