„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი სოციალურად დაუცველთა მშობიარობის ხარჯების სრულ ანაზღაურებას ითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ ქდმ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ანიკაშვილი დღეს სოციალურად დაუცველ ნინო მუშკუდიანის მშობიარობას დაესწრო. ახალშობილს წმ. ილია წინასწარმეტყველისა და ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ილია დაარქვეს.
ქდმ-ს ინფორმაციით, ნინო მუშკუდიანს, რომელიც სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო სადაზღვევო პოლისით სარგებლობს, მშობიარობის საფასურის მხოლოდ 400 ლარი აუნაზღაურდა, რეალურად ხარჯები გაცილებით მეტია.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ სოციალურად დაუცველ ქალებს მთლიანად უნდა აუნაზღაუროს მშობიარობის ხარჯები და ორსულობის პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება გაზარდოს.
„თანხა, რომელიც გამოყოფილია მშობიარობის ხარჯების დასაფარად, არარეალურია, რადგან მშობიარობა დღეს საქართველოში გაცილებით მეტი ჯდება, ვიდრე 400 ლარი. ამიტომ, „ქრისტიან-დემოკრატები“ მოვითხოვთ, სრულად იქნეს დაფინანსებული სიღარიბის ზღვარს მიღმა და ზღვარზე მყოფი ქალბატონების მშობიარობის ხარჯები” - განაცხადა ანიკაშვილმა და დასძინა, რომ ასევე, უნდა მოხდეს ორსულობის პატრონაჟის სახელმწიფო პროგრამის გაფართოება და ექიმთან კონსულტაციების რაოდენობა გაიზარდოს.
