ფანჯიკიძე - შესაძლოა, გუნდის შიგნით ტექნიკური გადაადგილების გამო, მაჟორიტარი კანდიდატები შეიცვალოს
ფანჯიკიძე - შესაძლოა, გუნდის შიგნით ტექნიკური გადაადგილების გამო, მაჟორიტარი კანდიდატები შეიცვალოს
15:08 02.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატები შესაძლოა, გუნდის შიგნით ტექნიკური გადაადგილების გამო შეიცვალოს.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, შესაძლოა, კოალიციის ზოგიერთი მაჟორიტარი კანდიდატი შეიცვალოს.

„ამ ეტაპზე კონკრეტულად არავისზე საუბარი არ არის. ეს არის სამუშაო პროცესი. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ადამიანებს ფუნქციები შეეცვალოს“- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, კოალიციის შტაბში ბევრი გამოცდილი და სახელოვანი ადამიანია, რომელსაც ნებისმიერ ოლქში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მაჟორიტარობა თავისუფლად შეეძლო.

„ჩემ თავსაც ამ ადამიანების რიგს მივაკუთნებ, რადგან მეც შემეძლო როგორც თბილისში, ასევე ამბროლაურში მაჟორიტარ კანდიდატად მეყარა კენჭი. თუმცა, რაღაც ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ აქ ვიდგე და თქვენს კითხვებს ვცემდე პასუხს“ - მიმართა ჟურნალისტებს კოალიციის პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში მოხდება გადაადგილება, თუ რომელიმე მაჟორიტარობის კანდიდატს უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე გუნდს დატოვებს ან შეხედულებას იცვლის. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ტექნიკური გადაადგილება“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმთ, „ქართულ ოცნებას“ ამ ეპატზე 68 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარები უკვე დასახელებული ჰყავს, ხოლო დარჩენილ ხუთ რაიონში მათი დასახელება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ბეჭდვა