პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებთ, კოალიციის მიზანია საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს, თუმცა, მისი გაყალბების შემთხვევაში, პროტესტის ერთ-ერთ ფორმად შესაძლოა, ქუჩის აქციებიც იქნას გამოყენებული.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ აღნიშნა, კოალიცია დაარსების დღიდან აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლა სამართლიანი არჩევნების გზით სურს.
„თუ ეს ასე არ მოხდა, ქუჩაში გამოსვლის უფლება ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული და შესაძლოა, ეს იყოს პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაც. არჩევნებამდე ორი თვით ადრე მე ვერ გეტყვით, რომ ჩვენ ამ ფორმას არ გამოვიყენებთ“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში წარიმართოს.
„არჩევნების ჩატარების ნებისმიერი თარიღისთვის ჩვენ მზად ვიყავით და ჩვენი მიზანია ამ საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანად გავიმარჯვოთ და არ მოხდეს რაიმე სახის ექსცესი“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
იგი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ანალოგიური მიზნები აქვს და მის გაყალბებას არ აპირებს.
