ISFED ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო პროცედურებზე ტრენინგებს ჩაუტარებს
ISFED ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო პროცედურებზე ტრენინგებს ჩაუტარებს
14:30 02.08.2012
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო პროცედურების დაცვაზე ტრენინგებს ჩაუტარებს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს, ტრენინგები ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.
მისი თემატიკა მოიცავს ინფორმაციას ისეთი საკითხების თაობაზე, როგორიცაა - თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პარტიებთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების მიმართ წინასაარჩევნო პერიოდში და სხვა.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო და სხვა მასალები დაურიგდებათ. ტრენინგები აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დასრულდება.
პროექტს მხარდაჭერას უცხადებს ასევე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია.
„სამართლიანი არჩევნები“ იმედოვნებს, რომ ფართომასშტაბიანი ტრენინგები, რომლებშიც მონაწილეობას გამგეობისა და საკრებულოს აპარატებსა და ქვესამსახურებში, ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეები მიიღებენ, ხელს შეუწყობს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარებას.

ბეჭდვა