თელავში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან კოალიციის წინააღმდეგ ბინძური პროპაგანდა მიმდინარეობს.
როგორც სესიაშვილმა „ნიუსპრესს“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადების შეფასებისას განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
ქარდავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქუჩებში მოსახლეობასთან საუბარში ამბობენ, რომ თუ არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, ქუჩაში გამოვლენ, ხოლო თუკი ხელისუფლება მათ დარბევას შეეცდება, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს საზღვრებთან მობილიზებული რუსეთის ჯარი დაეხმარება.
„ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამოტომ, ბინძური პროპაგანდა მიმდინარეობს, რაზეც, უბრალოდ კომენტარის ღირსადაც არ ჩავთვლი ბატონ ქარდავას, რადგან არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე და მოსახლეობა საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფო“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ სესიაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი სწორედ ის არის, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს და მოსახლეობამ ყოველგვარი ტერორისა და პროპაგანდის გარეშე იცხოვროს.
„ჩვენგან რომ მსგავს პროპაგანდას არავინ არ ეწევა, ამის გარანტიას ვიძლევი. თუ, რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც პროვოკაციული გამოხტომა სოდ-ის თუ კუდ-ის მიერ დავალებული. ამიტომ, ასეთ განცხადებას კომენტარის ღირსადაც არ ჩავთვლი“- აღნიშნა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საზღვრებთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმყოფება, რომელიც სიტუაციის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებს.
სესიაშვილის განმარტებით, თუ იქ საფრთხის შემცველი მოძრაობა შეინიშნება, ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს და პრევენციულ ღონისძიებებსაც გაატარებს.
„მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას ამბობს, მე ვენდობი დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს და იმედი მაქვს, რომ მათი აქ ყოფნით, ასეთი მძაფრი ყურადღების ქვეშ, რუსეთი მორიგი აგრესიის განხორციელებას ვერ გაბედავს“ - აღნიშნა სესიაშვილმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრისთვის ემზადება.
როგორც ქარდავამ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრირება შეგნებულად ხდება საქართველოს საზღვრებთან, რომლის მიზანი რუსეთის რეგიონული ინტერესებია.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, რიგი ქართული პოლიტიკური პარტიები ემზადებიან იმისთვის, რათა რუსეთს საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცენ.
