ბაჩუკი ქარდავას თქმით, რუსეთი საქართველოში შემოჭრისთვის ემზადება
ბაჩუკი ქარდავას თქმით, რუსეთი საქართველოში შემოჭრისთვის ემზადება
12:48 02.08.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრისთვის ემზადება.
როგორც ქარდავამ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრირება შეგნებულად ხდება საქართველოს საზღვრებთან, რომლის მიზანი რუსეთის რეგიონული ინტერესებია.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, რიგი ქართული პოლიტიკური პარტიები ემზადებიან იმისთვის, რათა რუსეთს საქართველოში შემოჭრის საბაბი მისცენ.
ქარდავას განმარტებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქუჩებში მოსახლეობასთან საუბარში აცხადებენ, რომ თუ არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, ქუჩაში გამოვლენ, ხოლო თუკი ხელისუფლება მათ დარბევას შეეცდება, „ქართულ ოცნებას“ საქართველოს საზღვრებთან მობილიზებული რუსეთის ჯარი დაეხმარება.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთს საქართველოში შემოსაჭრელად საბაბი არ სჭირდება, თუმცა, გარკვეული პოლიტიკური პარტიები მას ამის მიზეზს აძლევენ.
„თუ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. როგოზინის კაბინეტში უკვე იგეგმება, რომ საქართველოში გარდაუვალია რუსეთის ბაზების შესვლა. ყველა ეს ინფორმაცია გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავარი ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადავიტანოთ“ - განაცხადა ქარდავამ და დასძინა, რომ ყველა პარტიის ოფისში საარჩევნო პარტიული სიების ციებ-ცხელება მიმდინარეობს და არავინ ინტერესდება, თუ რა ხდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.
მისივე თქმით, ქართველი ექსპერტები რომლებიც ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან, პირდაპირ ახდენენ პროვოცირებას და რუსებს წერტილოვანი დარტყმის მინიშნებებს აძლევენ.
ქარდავას თქმით, კოალიციის წევრის მამუკა არეშიძის განცხადება მუხროვანთან დაკავშირებით სრულიად მიუღებელია, რადგან არ შეიძლება ქართველმა ექსპერტმა განაცხადოს იმის შესახებ, რომ მუხროვანში განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს და ამით რუსეთს დარტყმის საბაბი მისცეს.
ქარდავას განცხადებით, ვითარება რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო აშკარად ჰგავს 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდს.
„მაშინაც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას რომ საფრთხე რეალურად არსებობდა, და ახლაც. ხელისუფლებამ მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გადაჯგუფებებს, რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრებთან, ასევე, შავ ზღვაში სადესანტო გემების განლაგების კუთხით“ - განაცხადა ქარდავამ და აღნიშნა, რომ დღეს 15:00 საათზე ევროკავშირის ელჩს საქართველოში ფილიპ დიმიტროვს შეხვდება და საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც ქარდავამ აღნიშნა, რუსეთი ნებისმიერ ბერკეტს გამოიყენებს, რათა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა შეაჩეროს.

ბეჭდვა