პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ჩუღურეთის რაიონის გამგეობას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და ადგილობრივების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სთხოვს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლიკა ნაღებაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება მხოლოდ ფასადური პოლიტიკით არის დაკავებული, რისი დასტურიც აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაა.
ნაღებაშვილის თქმით, რეკონსტრირებული მოედნიდან რამდენიმე მეტრში, მოსახლეობა ნანგრევებსა და საშინელ ანტისანიტარიაში ცხოვრობს.
„ხალხი განახლებულ უბანში, თუმცა, დანგრეულ სახლებში ცხოვრობს“-აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, ადგილობრივებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების - საერთო ეზოების, სადარბაზოებისა და ტროტუარების მოწესრიგების თხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათ თხოვნას დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია.
„უბნის მოუწესრიგებლობას წყლის პრობლემებიც ემატება. წყალგაყვანილობის მილების უვარგისობისა და მიწისქვეშა კომუნიკაციებში გაუთავებელი ავარიების გამო, მოსახლეობა წყალს გრაფიკით იღებს, თუმცა, გადასახადს 24-საათიანი წყალმომარაგების ტარიფით იხდის“-აცხადებენ „ევროპელი დემოკრატები“.
ნაღებაშვილის თქმით, ჩუღურეთის რაიონის დიდი ნაწილი ავარიულია და საცხოვრებელი სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დღეს არ დაიწყო, მომავალში ეს სახელმწიფო ბიუჯეტს გაცილებით ძვირი დაუჯდება.
„ევროპელი დემოკრატები“ თბილისის მერიას განმარტებას სთხოვენ, რაში დაიხარჯა ქალაქის დასუფთავებისა და კეთილმოწყობისთვის გამოყოფილი თანხები, რატომ არ შეეხო ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტი ჩუღურეთის რაიონის მძიმედ ავარიულ სახლებს, რატომ არ რეაგირებს ადგილობრივი გამგეობა მოსახლეობის პრობლემებზე და რატომ არ ეკისრება წყლის კომპანიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მომხმარებლების მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
