ცენტრალური საარჩევნო კომისია მზადაა 2012 წლის 1 ოქტომბერს როგორც საპარლამენტო, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩაატაროს. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რომელიც ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის 21 სექტემბრამდე, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 12 ათასი ადგილობრივი და 1 000-ზე უცხოელი დამკვირვებელი. ვფიქრობთ, რომ ეს რიცხვი გარკვეულწილად მოიმატებს“-აღნიშნა ხარატიშვილმა.
მისივე ცნობით, იმ პარტიების რეგისტრაციის ვადა, რომელთაც პარლამენტში წევრი არ ჰყავთ, უკვე ამოიწურა და მათი რაოდენობა 33-ს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება კვალიფიციურ სუბიექტებს, ხარატიშვილის თქმით, მათ ცესკო-ში განაცხადის შეტანა 5 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
ხარატიშვილის განმარტებით, იგივე დრო აქვთ დამოუკიდებელ კანდიდატებს განაცხადის შესატანად, კონკრეტულ საარჩევო ოლქში დასარეგისტრირებლად.
