არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან, თუ საარჩევნო სუბიექტს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაუდასტურდა,
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას რეგისტრაცია უუქმდება.
აღნიშნულს საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, მათი კანდიდატებისა და წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.
ასევე, იკრძალება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.
საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ზემოთ გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.
