პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება.
დეპუტატები დღესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხზე იმსჯელებენ. სხდომას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს და მას პარტიის აღმასრულებელი და გენერალური მდივნები დაესწრებიან.
პარტიის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე პარტიის გუნდური წესების საკითხსაც განიხილავენ.
„საუბარი იქნება გუნდური წესების თამაშზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შედეგიანი. ზოგიერთ ჟურნალისტს აქვს მოლოდინი, რომ გუნდიდან იმაზე ნაკლები გამოვალთ, ვიდრე შევალთ. ეს ასე არ იქნება, რადგან ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. მე ვაფასებ, როცა ადამიანს აქვს თავისი, ჩამოყალიბებული პოზიცია. ეს შეიძლება სცდებოდეს საერთო, გუნდურ პოზიციას, - მეც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში. ვისურვებდი, რომ ასეთი საკითხები გუნდის შიგნით გადაწყდეს“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ სხდომის დაწყებამდე.
