პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე
ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2018 წელი საკანონმდებლო ორგანოსთვის აქტიური იყო.
„2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის, 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი, მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით.
საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2018 წლის მარტში დასრულდა და რომლის შედეგადაც შეიქმნა ეროვნულ სამართლებრივ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი, წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს. კონსტიტუციის ახალი რედაქცია აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ძირითადი ელემენტებია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებას ადასტურებს ვენეციის კომისიის შეფასებაც, რომლის თანახმად: „საკონსტიტუციო რეფორმამ საბოლოოდ დაასრულა საქართველოს პოლიტიკური სისტემის საპარლამენტო სისტემად გარდაქმნის პროცესი და ის წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ გადადგმულ დადებით ნაბიჯს, ეფუძნება რა დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებული საპარლამენტო მმართველობის მოდელი მოითხოვდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახლებურ გააზრებას, რაც საკმაოდ შრომატევად საქმეს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ამ რთულ ამოცანასაც ღირსეულად გაართვა თავი და შექმნა ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგლამენტი. შედეგად, კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
