საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
12:01 05.02.2019
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ასევე, შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე, საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის, მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში, განსაკუთრებით კი - რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფაში.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში კვლავ დაადასტურა მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ და ქმედით ჩართულობაზე.

ბეჭდვა