კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიასა და პოლონეთში შეხვედრები გამართეს.
კოალიციის დელეგაციის შემადგენლობაში თედო ჯაფარიძე, ვიქტრო დოლიძე და დავით ზალკალიანი იყვნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ლონდონში თედო ჯაფარიძე ბრიტანული გამოცემების - ,,თაიმსის” და ,,ინდეფენდენტის” ჟურნალისტებს, ჟურნალ „ეკონომისტის“ რედაქტორის მოადგილე ედუარდ ლუკას, ბრიტანეთის ,,ჩეთემ ჰაუსუს” საქართველოზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.
გაიმართა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორ ლორი ბრისტოუსთან და პარლამენტის წევრ დენის მაკშეინთან, რომელიც საქართველოს საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ვენაში შედგა თედო ჯაფარიძის და დავით ზალკალიანის შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერისთან და ეუთო-ს კონფლიქტების აღმოფხვრის ცენტრის დირექტორ ადამ კობერაცკისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე ელჩ ო’ლირისთან და ეუთო-ში აშშ-ს ელჩ იან კელისთან. დელეგაციამ ასევე, შეხვედრა გამართა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ ჰაიდემარია გიურერთან.
კოალიციის შეხვედრები ვარშავაში გაგრძელდა, სადაც თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე პოლონეთის პარლამენტის წევრ ტადეუშ ივინსკის და მიხატ სჟებას, ფონდ ,,სოლიდარობის” ვიცე-პრეზიდენტ მარსინ მოჟიეჩოვსკის, ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს დირექტორს იანეშ ლენარჩიჩს შეხვდნენ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო სიტუაციას და კოალიცია ,,ქართული ოცნების” პრიორიტეტებს. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის განვითარება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზეა დამოკიდებული.
