საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე
ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.
„კონსტიტუციის პირვანდელ ვარიანტში ჩადებული გვქონდა პროპორციული სისტემის ამოქმედება უკვე 2020 წლიდან, თუმცა იმის გამო, რომ მაშინ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, იძულებული გავხდით, ორსაფეხურიანი სისტემით გადავსულიყავით 2020 წლის შემდეგ პროპორციულ სისტემაზე”- აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა და შესაბამისად, ეს საკითხი - დახურულია. მისი განცხადებით, კონსტიტუცია უკვე მიღებულია და ცხოვრება ამ კონსტიტუციური ჩარჩოთი უნდა გაგრძელდეს.
„საკონსტიტუციო რეფორმა დასრულდა. ეს არის მოცემულობა, რომელიც ბუნებრივია, გადახედვას ვერ დაექვემდებარება. ეს „ნაცმოძრაობის“ მოთხოვნაა. მათ აქვთ ერთადერთი თეორიული შანსი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თუ პროპორციული სისტემა იქნება შემოღებული, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ სუბიექტური, კერძო ინტერესიდან ვერ ამოვალთ. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. კონსტიტუცია მიღებულია და ამ კონსტიტუციური ჩარჩოთი უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
