„ამომრჩეველთა ლიგის“ ინფორმაციით, თბილისში საარჩევნო სიაში უზუსტობა 21%-ია
„ამომრჩეველთა ლიგის“ ინფორმაციით, თბილისში საარჩევნო სიაში უზუსტობა 21%-ია
17:55 01.08.2012
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ამომრჩეველთა ლიგა“ თბილისსა და ზუგდიდში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ალტერნატიული კამპანია დაასრულა. შემაჯამებელი ბრიფინგი ლიგის ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ დღეს გამართა, სადაც „კარდაკარის“ შედეგები გამოაქვეყნა.

გუნცაძის თქმით, „კარდაკარის“ სამუშაოების 98% დასრულებულია, მისი შედეგები კი ასეთია - თბილისში საარჩევნო სიაში 903 171 ამომრჩეველი ირიცხება, ამათგან ლიგამ 732 554 ამომრჩეველი, ანუ 81,11% აღწერა. აღწერის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილია 5 488 ამომრჩეველი. უცხოეთში იმყოფება 41 226 ამომრჩეველი. დაუდგენელია 97 735 ამომრჩეველი, მათ შორის 21 013 ამომრჩევლის მისამართი არ იძებნება, ხოლო 9 016 სიაში არ არის. ამდენად, უზუსტობა თბილისში 20,89%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ზუგდიდის მონაცემებს, გუნცაძის თქმით, საარჩევნო სიაში 106 134 ამომრჩეველი ირიცხება . „ლიგამ“ კი, 97 563 ამომრჩევლის, ანუ 91,92%-ის გადამოწმება შეძლო. აქედან, გარდაცვლილია 824 ამომრჩეველი, უცხოეთში იმყოფება 2 058, დაუდგენელია 12 655 ამომრჩეველი, მათ შორის, 2 757 ამომრჩევლის მისამართი არ იძებნება, ხოლო 1 201 სიაში არ არის. სულ უზუსტობა 16,31%-ს შეადგენს.

აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, „ამომრჩეველთა ლიგა“ მოითხოვს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ გაასაჯაროოს ერთიანი სია, ასევე, განმარტოს რამდენი ამომრჩეველი იმყოფება საქართველოში, რამდენია დაუდგენელი, მიწერილი და რამდენი იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ამასთან, „ამომრჩეველთა ლიგის“ მოთხოვნაა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ გამოაქვეყნოს თბილისისა და ზუგდიდის ამომრჩეველთა სია, სადაც ლიგამ ალტერნატიული კარდაკარი ჩაატარა. თავის მხრივ, გუნცაძე მზადაა აღნიშნულ კომისიას იდენტიფიცირებული მონაცემები გადასცეს.

„თუ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება, „ამომრჩეველთა ლიგა“ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას დაიწყებს“ - განაცხადა გუნცაძემ.

„ამომრჩეველთა ლიგის“ ალტერნატიული კარდაკარის საბოლოო შედეგები მომავალ კვირაში, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

ბეჭდვა