საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ პარტიების ქცევის დეკლარაციას შეუერთდნენ და ხელი მოაწერონ.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი მთავრობის მზადყოფნას, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, ხოლო საარჩევნო კამპანია - ღია და გამჭვირვალე.
„საქართველოს პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია სამაგალითოდ ჩაივლის. პრეზიდენტი საქართველოს მოსახლოებას მოუწოდებს, რომ ქვეყნის განვითარებისთის მნიშვნელოვან პროცესში აქტიურად ჩაერთონ “- აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებისთვის პრეზიდენტისა და მთავრობის მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ კი, ჯერ კიდევ აპრილის თვეში სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ არჩევნებისთვის გრძელვადიანი დამკვირვებლების მოწვევა მომხდარიყო, ასევე, უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია ყველა სადაო საკითხზე ოპერატიულად რეაგირებს.
ამასთან, სააკაშვილის შეფასებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ სათანადო სამუშაო გასწია, რასაც დადებითი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მისცეს.
ასევე, მანჯგალაძემ ცალკე გამოყო პარლამანტის მიერ საკაბელო მაუწყებლებთან დაკავშირებით მიღებულ must cary-ს პრინციპი, რომელმაც საარჩევნო პერიოდში ყველა არხის შეუზღუდავი მაუწყებლობა უნდა უზრუნველყოს.
საპარლამენტო არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.
