ჟოსეფ ბორელ ფონტელიესი:ესპანეთი ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
ჟოსეფ ბორელ ფონტელიესი:ესპანეთი ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ საქართველოს მისწრაფებას მხარს უჭერს
12:13 29.01.2019
„ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ,“- ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოსეფ ბორელ ფონტელიესმა ქ. მადრიდში ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო უწყების ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს და საქართველოს პროგრესს ქვეყნის განვითარების გზაზე.

მინისტრებმა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურეს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. თავის მხრივ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ურყევი პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დავით ზალკალიანმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები გააცნო. ასევე, მან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს. მათი თქმით,
საქართველოში წარმატებით ოპერირებენ წამყვანი ესპანური კომპანიები. ამ მხრივ ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ასევე საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები კარგ საფუძველს იძლევა ევროპული კომპანიებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს - როგორც აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებზე გამავალი ხიდის ფუნქციით.

მხარეებმა ასევე ესპანელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მზარდი ინტერესი აღნიშნეს.
დავით ზალკალიანმა საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა ამ მხრივ მიღწეული შედეგები და გამოთქვა დაინტერესება საქართველომ გაიზიაროს ესპანეთის წარმატებული გამოცდილება ამ მიმართულებით.

ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას მინისტრმა საქართველოს მხრიდან განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, ასევე ესპანურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება.
დავით ზალკალიანმა ესპანელი კოლეგა მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში მიიწვია, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ხაზი გაესვა ქვეყნის რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის, ასევე ისაუბრეს საქართველოს არსებით როლის საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მადრიდში განხორციელებული ვიზიტი ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობის განვითარებას ყველა მიმართულებით.

ბეჭდვა