"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთხოვს.
როგორც ჩახვაძემ დღეს ჟურნალისტებთან "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში შეხვედრისას განაცხადა, საბჭოს დახურულ სხდომაზე ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მიაჩნია გამართლებულად რუსეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება და რატომ უღებს კარს საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოდინებას.
ჩახვაძე შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებითაც საუბრობს.
" ჩვენ არ ვიცით უვიზო რეჟიმის არსებობის შემთხვევაში, რუსეთიდან მხოლოდ ტურისტები შემოვლენ თუ შემოვლენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიან. შემომსვლელი ვიზიტორების გაკონტოლების მექანიზმები არ არსებობს. შესაძლოა, ისინი მოქალაქეების ფორმაში მყოფი აგრესორები იყვნენ, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველების სისხლში ხელი გაისვარეს", - განაცხადა ჩახვაძემ.
