საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-სა და ევროკავშირში გამართული შეხვედრები შეაფასა
საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-სა და ევროკავშირში გამართული შეხვედრები შეაფასა
13:02 24.01.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტი და ნატო-სა და ევროკავშირში გამართული შეხვედრები დადებითად შეაფასა.
„ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით ნიშანდობლივი იყო ის, რომ ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებს შევხვდით, რომლებიც უშუალოდ არიან საქართველოსთან თანამშრომლობით დაკავშირებული. საქართველოს მიმართ ყველა ძალიან კეთილგანწყობილია და გამოითქვა მზადყოფნა, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის პრესსსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე პოზიტიური გზავნილები დაფიქსირდა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

"დაფასებულია ის ფაქტი, რომ 300 000-მა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით, შემოვიდა ევროკავშირში და ეს არის ძალიან პოზიტიური მოვლენა. ამავე დროს ვიცით, რომ არის პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებზე დიდი აქცენტი არ გაკეთებულა. არ იყო აქ არანაირი მუქარა, რომ ეს პროცესი შეწყვეტილი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით არ უნდა მიუდგეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრებზე ძლიერი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს პოლიტიკის მიმართ, რომ სწორი ნაბიჯებია გადადგმული.

"ამავე დროს, გამოითქვა შეშფოთება ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, არსებობს მზადყოფნა, რომ ეს საკითხი გააჟღერონ რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში, რათა არ იყოს ეს მიღებული როგორც ფაქტი, რომელსაც შევეგუებით. ყველას მიერ გაცხადებულია არშეგუების პოლიტიკა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბეჭდვა