სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე
დასწრებით დაასრულა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.
პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, "ნატო-ს საბჭოზე საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს მოკავშირეა.
„ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია ჩვენთვის. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს შავ ზღვაში, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატო - საქართველოს კომისიის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ერთხმად დააფიქსირეს.
ეს არის საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები და ძალიან სერიოზული მოკავშირეები - ევროკავშირი და ნატო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზული გამოწვევებია: უკრაინის მოვლენები, რუსეთის გააქტიურება. აუცილებელია, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატო-სთან ერთად, რომ შავმა ზღვამ თავისი დანიშნულება შეინარჩუნოს და გააძლიეროს, რომ ჩვენსა და ევროკავშირს შორის კავშირი იყოს.
